Image

ბათუმის "დინამო": ეს ბრინჯაო ძალიან გვჭირდებოდა

უპირველეს ყოვლისა, წარმატებას გილოცავთ!..
- მადლობა ყველას, ვინც ჩვენი სიხარული გაიზიარა. ჯერ მსაჯობა უნდა აღვნიშნო, რადგან გიორგი ვადაჭკორიამ ძალიან წესიერად განსაჯა და ამისთვის მადლობა ეკუთვნის.
ბათუმის "დინამო": ეს ბრინჯაო ძალიან გვჭირდებოდა
ობიექტურები უნდა ვიყოთ - ტრავმის გამო თამაში რენე ფერეირამ გამოტოვა, ვინც თბილისელებისთვის დიდი ძალაა. მათზე უარყოფითად იმოქმედა ლობჟანიძის არყოფნამაც. ჩვენ კი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინეთ და ჩვენი სამწვრთნელო შტაბის წევრები და თითოეული მოთამაშე ქების ღირსია.

- ჩანდა, რომ მეტოქე კარგად შეისწავლეთ...
- ეს ჩვენი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა.

- ყველაფრის გათვალისწინებით, ბათუმის "დინამოს" მე-3 ადგილზე აღზევება მაინც ძალიან მოულოდნელი იყო...
- რატომ? მიმაჩნია, რომ თბილისის "დინამოს" თამაშით ვაჯობეთ. მატჩი იმდენად კარგად დავიწყეთ, რომ მეორე გოლის გატანა და თამაშის დასრულება პირველივე ტაიმში შეგვეძლო, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

- ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ თქვენ ხართ კლუბი, რომელსაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია, ხოლო თბილისის "დინამო" ამ კუთხით საუკეთესოა და ფინანსურადაც ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია...
- ამ კუთხით გეთანხმებით და ახლა ბათუმის "დინამოს" მესამე ადგილი ნამდვილად გმირობის ტოლფასი იყო - ჩვენ ხომ ყველა მატჩს გასვლაზე ვატარებდით... შეღავათი ის იყო, რომ მთელი ქობულეთი ჩვენ გვქომაგობდა და თავს ისე ვგრძნობდით, როგორც - სახლში. მაგრამ ყოველდღე აქეთ-იქით სიარული დიდ ენერგიას გვართმევდა.

მიხარია, ამ დიდი პრობლემების მიუხედავად, გუნდმა საკუთარ თავში ძალა რომ იპოვა და ბრინჯაო მოვიპოვეთ. ლევან ხომერიკმა დიდი სამუშაო გასწია, ბიჭებმაც მთელი სეზონი კარგად ჩაატარეს. მიმაჩნია, რომ წარმატება ნაყოფიერი მომზადების შედეგი იყო.

- საერთოდ, "დინამოსთან" თბილისში თამაში ასე იოლი არ იქნებოდა...
- ეს მაინც საუკეთესო ვარიანტი იყო.

- რატომ?
- ჩვენ თბილისშივე დავამტკიცეთ, რომ ბრინჯაოს მედალს ვიმსახურებდით. არადა, რომ იცოდეთ, 8 საათი გზაში ვიყავით.

- ახლა გუნდისთვის წინსვლა ფინანსურადაც მნიშვნელოვანია. ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ყველა ერთნაირად ფინანსდებით, მაგრამ ევროთასებსა და წარმატებისთვის მიღებული დამატებითი შემოსავალი განსაზღვრავს, ვის ექნება სასტარტო უპირატესობა...
- აბსოლუტურად გეთანხმებით, წარმატება კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება, ჩვენ კი დამატებითი შემოსავალი ძალიან გვჭირდებოდა. ახლა მერია და საკრებულო ყველანაირად გვეხმარებოდა და ამას ვერავინ დაივიწყებს.

წარმოიდგინეთ, ავტონომიის ხელმძღვანელი ჩვენი და"შუქურას" თამაშებს მუდმივად ესწრებოდა. როცა გვერდში მდგომი გყავს, ეს ბევრს ნიშნავს. მაგრამ სპონსორიც უნდა დავაინტერესოთ, ეს კი სწორედ წარმატების შედეგად მოდის. ახლა დამატებითი დაფინანსების წყარო ძალიან გვჭირდება.

- ხელისუფლების თანადგომა ახსენეთ. ამის საუკეთესო გამოხატულება ბაზის და სტადიონის აშენება
იქნება. თუმცა, სტადიონზე ჯერ მხოლოდ ლაპარაკია, ნოემბერში დასამთავრებელი ბაზის მშენებლობა კი შეჩერდა. 2006 წლის შემდეგ სტადიონის გარეშე ხართ. ბაზისა და ერთი პატარა სტადიონის აშენება ასეთი პრობლემური რატომ გახდა?
- ეს ჩვენ ყველაზე მეტად გვადარდებს. სხვათა შორის, თამაშის შემდეგ აჭარის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ ილაპარაკა, რომ ვითარება აუცილებლად გამოსწორდებოდა. ჩვენ სტადიონი აუცილებლად გვჭირდება. ხომ ნახეთ, "მიხეილ მესხზე" ბრინჯაოს ფინალს თბილისის "დინამოს" გულშემატკივარზე მეტი ჩვენი ფანობა დაესწრო. არადა, თამაში თბილისში იყო და ესეც აჩვენებს, რომ ბათუმში ფეხბურთი უზომოდ უყვართ. თამაში ჩვენთან რომ ჩატარებულიყო, 7-8 ათასი მაყურებელი მაინც მოვიდოდა.

- სამწუხარო ფაქტია, რომ თბილისში ჩვენი ჩემპიონატი არ აინტერესებთ...
- ასე მხოლოდ თბილისში ხდება, თორემ გაიხედეთ, რეგიონებში რა ხდება, ხალხი სტადიონზე სულ დადის. საერთოდ, წლეულს დასავლეთ საქართველოს უპირატესობა გამოიკვეთა: თასი ქუთაისელებმა მოიპოვეს, ჩემპიონობა - სამტრედიელებმა, მეორეზე საჩხერელები გავიდნენ, ჩვენ - მესამეზე. არადა, დასავლეთ საქართველოში თბილისის მსგავსი ინფრასტრუქტურა ნამდვილად არ არის, მაგრამ წარმატებას მაინც ვაღწევთ.

- ევროპალიგაზე გასულ გუნდს გაძლიერება დასჭირდება...
- საამისოდ, ევროპიდან საშუალო დონის ფეხბურთელების ჩამოყვანა მაინც დაგვჭირდება. ბევრს ჰგონია, რომ ისინი მილიონებს ითხოვენ. ასეც არაა, ევროპაში დიდ ფულს ყველა ვერ იღებს, 5-6 ათასად კი საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეების ჩამოყვანა შეიძლება. ასეთები ევროპაში ნამდვილად არიან. გაძლიერება აუცილებელია, ევროპის ლიგაზე 2 ეტაპი მაინც რომ გადავლახოთ. მესმის, ეს რთული იქნება, მაგრამ საქმე ბათუმის, აჭარისა და მთლიანად, საქართველოს პრესტიჟს ეხება.

- სეზონისთვის მომზადების გეგმა უკვე გაქვთ?
- სავარაუდოდ, 5 იანვარს შევიკრიბებით, თებერვალში უცხოეთში მოვემზადებით, მარტში კი ჩემპიონატი დაიწყება. კარგია, ევროთასებისთვის მზადებას აქედანვე რომ შევუდგებით. ასე გუნდის შესათამაშებლად და ფეხბურთელთა სასურველ კონდიციებში მოსაყვანად ბევრად მეტი დრო გვექნება, ვიდრე ძველი გრაფიკით და ეს ძალიან კარგია.


წყარო: sportall.geскачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით